ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარის განცხადებით, ევროპული კომპანიებისთვის საქართველოში მთავარ გამოწვევებად სასამართლო სისტემა და ბიუროკრატია რჩება.
როგორც ჯონ ბრეკეველდტიმ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ამ სფეროებში არსებული ვითარება უნდა გამოსწორდეს.
ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბიზნესდავების ეფექტურად გადასაჭრელად აუცილებელია ქვეყანაში მედიაციის მიმართულება განვითარდეს.
„ბიზნესს დღეს არ სურს სასამართლოში წასვლა, რადგან ნაკლები ნდობა აქვს ამ სისტემის მიმართ. შეიძლება კომპანიამ იცოდეს, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ის მართალია, თუმცა აქ საქმეებს ადგილობრივი მოსამართლეები წყვეტენ და ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ბიზნესსექტორის საკითხების მცოდნე მოსამართლე შეგხვდეს. მაგალითად, ჩვენი ასოციაციის წევრი ერთ-ერთი კომპანია კონკრეტულ საქმეზე დაობდა და იცოდა, რომ საერთაშორისო რეგულაციის მიხედვით მართალი იყო. თუმცა საქმე მის სასარგებლოდ არ გადაწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვა. ზოგადად, უნდა შემცირდეს ბიზნესის მხრიდან სასამართლოში მიმართვიანობა და საქმეების უმეტესობა უფრო ეფექტიანი, მედიაციის გზით უნდა მოგვარდეს“, - განაცხადა ჯონ ბრეკეველდტიმ.
ამასთან, ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში კიდევ უფრო უნდა შემცირდეს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერები და გაიზარდოს სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობის დონე. ერთ-ერთ ასეთ უწყებად EBA-ში შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს ასახელებენ.