ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ეგვიპტის დიდი პირამიდები და სფინქსი კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა გაანადგუროს. ინფორმაციას Artnews-ი ავრცელებს.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ეგვიპტის მსოფლიოში ცნობილი სიძველეები, მათ შორის სფინქსი და გიზას დიდი პირამიდები, შეიძლება დაიკარგოს კლიმატის ცვლილების გამო საუკუნის ბოლოსთვის.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის მატება საფრთხეს უქმნის ეგვიპტის არქეოლოგიურ ძეგლებს, მათ შორის უძველესი ტაძრების კომპლექსს ლუქსორში და ალექსანდრიის დიდ ნაწილს, ეგვიპტის უდიდესი ქალაქს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა 331 წელს დააარსა. ჰუსეინ აბდელ ბასირმა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში სიძველეთა მუზეუმის დირექტორმა, Mirror-ს განუცხადა, რომ უძველესი ქალაქი შეიძლება 30 წელიწადში წყალქვეშ აღმოჩნდეს. მრავალ საგანძურს შორისაა მე-15 საუკუნის კაიტბეის ციტადელი ალექსანდრიაში.
ბასირის თქმით, ჰაერის დაბინძურება და ამინდის ცვლილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის არქეოლოგიურ საგანძურს. მისი თქმით, კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ერთი მეექვსედი ამჟამად საფრთხის ქვეშაა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა, მტვრის ქარიშხალი და წვიმა მოიმატებს, ეს ყველაფერი კი ანადგურებს ქვას და ძველ ქანდაკებებს უქმნის საფრთხეს.
ნოემბერში New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული, ლუქსორის სამარხები, საუკუნის განმავლობაში „სრულად გაქრება“. ზოგიერთი ტაძრის ქვის ცვეთა უკვე დაწყებულია.
მეცნიერების გამოთვლით, ეგვიპტეში ყოველწლიურად ტემპერატურა, საშუალოდ, სამი გრადუსით და მეტით (ფარენჰაიტი) იზრდება. რაც კატასტროფული მაჩვენებელია.
ინდუსტრიულმა ბუმმა, რომელიც 1800-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ქალაქებში სოფლის მეურნეობა ვითარდება, რაც ნილოსის გარშემო მყიფე ეკოსისტემას კიდევ უფრო ამძიმებს. პირამიდების მახლობლად მდებარე სოფლების სასოფლო-სამეურნეო მორწყვამ მიწისქვეშა წყლების აწევა გამოიწვია. წყალი ნიადაგმა შეწოვა, ეს კი ცუდად აისახა არქეოლოგიურ ძეგლებზე, წერს Artnews-ი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა