საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში პროგნოზებს ცვლის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 2020 წლისთვის ქვეყანაში 4%-იანი ეკონომიკური ვარდნის ნაცვლად 5%-იანი შემცირება დააანონსა. კობა გვენეტაძის განცხადებთ, ეკონომიკური პროგნოზების ცვლილება, პანდემიის საწყის ეტაპთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნების დიდად შემცირებამ გამოიწვია.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი სანდრო რაქვიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პროგნოზების ცვლილება.
„ყველა ეტაპზე ჰქონდა მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში რაღაც შეეცვალა და ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის, მაგრამ ახლაც, ფულს იმისთვის არიგებენ რომ არჩევნები მოიგონ. ყველაფერი მთავრობის ხელშია და ბიზნესის დასახმარებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რომ მათ უკეთესად მუშაობა შეძლონ და სამუშაო ადგილებიც შექმნან. თუ ჩვენით არ გავხსენით საზღვრები და არ აღვადგინეთ ფრენები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ვირუსის პრობლემა არ აქვთ, ბუნებრივია უარეს მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ჩვენი მთავრობა ისეთი არაპროგნოზირებადია, მითუმეტეს არჩევნების წინ, რომ რთულია განსაზღვრო რა მოხდება.
ჩემი მოლოდინი საშუალოდ პესიმისტურია. რადგან ამ მთავრობას პოზიტიურად არ ვაფასებ და არ მჯერა, რომ ისინი მართლა შეცვლიან თავის გადაწყვეტილებებს, აღარ მიაქცევენ ყურადღებას არჩევნებს და მართლა მიხედავენ საქმეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ არა - მაღალი. ტრაგედიას არ ველოდები, თუმცა მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - განმარტავს სანდრო რაქვიაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას აზრით კი, ზოგადად მსგავს სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება არაფრის მომტანია.
„ზოგადად ასეთ დროს პროგნოზები უმადური საქმეა, ვფიქრობ არც არის სწორი ამის გაკეთება. თავიდანვე 4%-იანი შემცირების პროგნოზს სკეპტიკურად ვუყურებდი და გამოჩნდა კიდეც, რომ ამაზე მეტად ჩერდება ეკონომიკა. 5%-იც ოპტიმისტურია და წელიწადში ეს მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ შემდგომ პერიოდში შემცირების ტემპის ნაცვლად, ეკონომიკა უნდა გაიზარდოს კიდეც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ასეთი რამ მოხდეს. უფრო რეალური სურათი იქნება ის, რომ ეკონომიკის წლიური შემცირება დაახლოებით 6-8%-მდე ფარგლებში ვივარაუდოთ. ეს მხოლოდ პროგნოზია და ციფრების ხაზგასმით ვერაფერს გავიგებთ.
თუ მომავალ თვეებშიც ეკონომიკური მაჩვენებლები კლების ტენდენციას განაგრძობს, ამ შემთხვევაში ცხადია, რომ 5%-ის ნაცვლად 6%-ს იტყვიან და ა.შ“, - აღნიშნავს აკაკი ცომაია.
ანი ცარციძე