PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაცია სახიფათოა. ხიშტოვანის შეფასებით, ამ ორი მოვლენის თანხვედრამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკის „გადახურება“ გამოიწვიოს.
„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. აქ უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის გააზრებული პოლიტიკა, რადგან ეკონომიკის „გადახურების“ რისკი არსებობს, იმიტომ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასშტაბით, აშშ-სა და ევროკავშირში უკვე სტაგნაციაზეა საუბარი. შესაბამისად, გარე ეფექტების შედეგად გამოწვეულ, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ბუმს, ძალიან ფრთხილად უნდა შევხედოთ“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.
მისი განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ეფექტი ძირითადად დასაქმებულებს ეხებათ და არა ყველა ოჯახს. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, არის რისკი, რომ ქვეყანაში უთანასწორობის ხარისხი გაიზარდოს.