12 მარტს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, სექტორისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხზე, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადებას, ორი ან სამი თვით.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ასეთ პროაქტიულ კომუნიკაციას. იმედი გვაქვს, რომ მათ შორის, ბიზნეს ომბუდსმენის ჩართულობით, კონკრეტული საკითხების ეფექტურ გადაწყვეტას მივაღწევთ. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე, ეკონომიკის მასტიმულირებელი ნაბიჯებიდან, დასახელებული, ერთ-ერთი, სწორედ, ინფრასტრუქტურული პროექტები გახლდათ, სადაც სახელმწიფო გეგმავს, წელს დამატებით 250 მლნ ლარამდე დახარჯოს, რაც ერთობ მისასალმებელია.
ინფრასტრუქტურული სექტორისთვის, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ, როგორც დამკვეთმა, ხარჯთაღრიცხვების შედგენისას/კორექტირებისას გაითვალისწინოს არსებული და მოსალოდნელი სავალუტო რყევები, ასევე დროულად მოახდინოს ანგარიშსწორება შესრულებული სამუშოების მოცულობების მიხედვით“ - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.