ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო facebook-ზე სარეკლამო კამპანიის მომსახურების შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელებს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 40000 ლარია და ის 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
შესყიდვის ობიექტია სოციალურ ქსელ facebook-ზე განთავსებული სამინისტროს ოფიციალური გვერდის პოპულარიზაცია. როგორც სამინისტროს დასაბუთებაში წერია, აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში, მათ შორის თბილისში, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ სამინისტროს მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს.
აღნიშნული შესყიდვის მიზანია სამინისტროს საქმიანობის, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების, ასევე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის.