ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2021 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო სამეზობლოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 10.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ჩვენი სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით თურქეთს მხოლოდ 9 თვის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 7.4%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში თურქეთის ეკონომიკური ზრდა 22% იყო, ხოლო მესამე კვარტალში თურქეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა 7.4% შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის 9 თვეში თურქეთის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 12.2% შეადგინა.
რაც შეეხება სომხეთს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სომხეთის ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთის ეკონომიკა დაახლოებით 7.2%-ით იყო შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის ეკონომიკამ 11 თვეში აღდგენა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2021 წლის 11 თვეში აზერბაიჯანის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა და პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა.
მსგავსად თურქეთისა, რუსეთშიც ჯერჯერობით პირველი სამი კვარტლის მონაცემებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 9 თვეში რუსეთის ეკონომიკა საშუალოდ 4.6%-ით გაიზარდა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"