წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.
ეკონომისტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდის ეფექტს ძირითადად გრძნობენ უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლები, ტურიზმის სექტორი და ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ადამიანები.
„ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ეკონომიკურ ზრდას განვიხილავთ, რადგან ეკონომიკური ზრდის ფონზე ხდება შემოსავლების ასიმეტრიული განაწილება, როდესაც გაქვს მაღალი ინფლაცია. ეკონომიკური ზრდის საფუძველი ეს არის მოთხოვნის ზრდა და მშპ-ს ზრდის ამ ეფექტს ძირითადად გრძნობენ უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლები, ტურიზმის სექტორი და ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ადამიანები. მათი შემოსავლები სავარაუდოდ გაიზარდა და მათთვის ინფლაცია ნაკლებად პრობლემურია, რადგან შემოსავლებმა ინფლაციაზე მეტად მოიმატა. ის ადამიანები კი რომლებსაც ნომინალური ხელფასები არ ეზრდებათ და ეს საზოგადოების დიდი ნაწილია, მათთვის ინფლაცია საკმაოდ მძიმე პრობლემაა“, — აღნიშნავს აკაკი ცომაია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.