„გალტ & თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძე რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში იმ ფაქტორებსა და სექტორებზე ისაუბრა, რომლებმაც დადებითი და უარყოფით როლი ითამაშეს 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. მისი თქმით, ამ მიმართულებით დადებითი წვლილი პირველ რიგში ტურიზმის სექტორმა შეიტანა, უარყოფით კონტრიბუცია კი უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულმა სექტორებმა.
„ეკონომიკურ ზრდაში, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას თუ შევხედავთ, მომხმარებელს დიდი წილი უკავია, მეორე კვარტლიდან უკვე ინვესტიციების დაჩქარებასაც ჰქონდა ადგილი, მესამე კვარტლის მონაცემი ჯერ არ გვაქვს, თუმცა, ინვესტიციების ზრდა არის.
რაც შეეხება იმას, რომელმა სექტორებმა მიიღეს მონაწილეობა ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში, ტურიზმის სექტორთან გვაქვს განსაკუთრებული ზრდა. ასევე გაზრდილია ისეთი დარგები, როგორიცაა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. მეტ-ნაკლებად, ზომიერად, მიიღო ყველა სექტორმა ამ პროცესში მონაწილეობა, გარდა რამდენიმესი. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მაღალი ფასებია დაფიქსირებული. ასეთია უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებული სექტორი. იქ ფასები ისეთი მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, რომ უარყოფითი კონტრიბუცია შექმნა ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.