2022 წელს 10%-იან ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების შემოდინების კონტრიბუცია დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
კობა გვენეტაძის განმარტებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, ტურიზმის სწრაფი აღდგენითა და ბიზნესების გახსნით იყო განპირობებული.
„ვიზიტორთა შემოდინებამ, თავის მხრივ, განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე აისახა. თუ შევაფასებთ 2022 წლის 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც ზრდა მაინც მაღალი იქნებოდა. გასულ წელს საკმაოდ სწრაფად აღდგა ტურიზმი და სხვა ბიზნესებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკამ შოკების მიმართ მდგრადობა აჩვენა. გავაკეთებ შეფასებას და ვიტყვი, რომ ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების კონტრიბუცია 1.5 პროცენტული პუნქტი იყო“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
ქვეყანაში ნომინალური ხელფასების ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია უფრო მაღალია, ვიდრე დასაქმებულების პროდუქტიულობის.
„დღეისათვის რასაც ვამჩნევთ არის ის, რომ ნომინალური ხელფასების ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე პროდუქტიულობის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია არ გადაიზარდოს ე.წ. ხელფასების სპირალში, როდესაც დასაქმებულები მოითხოვენ უფრო მაღალ ხელფასს, დამსაქმებლები კი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ და ამ ყველაფრის ფონზე ფასებიც იზრდება. ცხადია, ამ რისკებსა და ინდიკატორებზე დაკვირვება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.