ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მარტის თვის შედეგებს აქვეყნებს.
სებ-ის ინფორმაციით, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად და 4%-6%-ების ფარგლებში ფიქრობს. ამავდროულად, მარტის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 2%-4%-თან ახლოს დააფიქსირეს.
„გამოკითხვის მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, თებერვალთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების 8%-ზე მეტად გაზრდას ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 4%-6%-იან და 6%-8%-იან ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, თებერვალთან შედარებით მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-სა და 4%-6%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია. შემცირებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 0%-10%-ების ფარგლებში ფიქრობენ, მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-იან ინტერვალში და 30%-ზე მეტად ვარაუდობენ“, — აღნიშნულია შედეგებში.
გამოკითხულთა აზრით, მარტში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) თებერვალთან შედარებით მცირედით დაკლებულია.