საქართველო მზად არის საათობრივი ბაზრისთვის, - აცხადებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია/შუახევიჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი დირექტორი ტრონ ენგბრეტსენი. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში აღნიშნული რეფორმის ამოქმედება ელექტროენერგიის მწარმოებლებს წარმოების უკეთ ოპტიმიზაციაში დაეხმარება.
„ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა ყველა ქვეყანაში იყო პოლიტიკური და არა სექტორული ცვლილება. ვფიქრობ, საქართველო მზად არის საათობრივი ბაზრისთვის. ეს ელექტროენერგიის მწარმოებლებს დაეხმარება თავიანთი წარმოების უკეთ ოპტიმიზაციაში, ხოლო ქვეყანას – ყოველთვის გამოიმუშაოს ენერგია ყველაზე იაფი წყაროებიდან. ფასის მერყეობა, რომელიც წინა დღის ბაზრის კარგად ფუნქციონირების შედეგია, მომხმარებლებისთვის უფრო რთულად შესაგუებელია. მსხვილი პროფესიონალი მომხმარებლებისთვის ეს უფრო ადვილია, რადგან მათ შეუძლიათ დადონ ფინანსური გარიგებები უშუალოდ მწარმოებლებთან.
შინამეურნეობებისთვის ეს უფრო რთულია და, როგორც წესი, არსებობენ საბითუმო კომპანიები, რომლებიც ყიდიან ელექტროენერგიას მოცემული ტარიფით მცირე მომხმარებლებზე და იღებენ საჭირო რისკებს – რა თქმა უნდა, გარკვეული ფასის სანაცვლოდ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი, ალბათ, დაიწყებენ შინამეურნეობებზე კონტრაქტების გაყიდვას ადგილზე ფასის სანაცვლოდ და შეთანხმებულ ფასს მომსახურების საკომისიოსაც დაამატებენ“, აცხადებს ტრონ ენგბრეტსენი.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. ბირჟის მიზანია შეიქმნას თავისუფალი ბაზარი, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით და სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს აძლევს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.
მასა მომზადებულია "ნეტგაზეთის" სტატიის მიხედვით.