ელექტროენერგიის ფასი თურქულ ბაზარზე თითქმის გასამმაგდა. 2022 წელს ელექტროენერგიის ფასმა თურქულ ბაზარზე კვტ.სთ-ზე საშუალოდ 15.1 აშშ ცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2021 წლის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 5.6 აშშ ცენტს შეადგენდა.
ყველაზე მაღალი საბაზრო ფასი დაფიქსირდა 2022 სექტემბერში - კვტ.სთ-ზე 21.3 აშშ ცენტი. ფასის ასეთი ზრდის მიზეზი არის მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასები და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე.
საქართველო თურქეთის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზი, ახალციხებორჩხა, სრული დატვირთვით მუშაობდა 2022 წლის მაისიდან მოყოლებული. შედეგად, თურქეთმა საქართველოს საზღვრიდან მიიღო 4.2 ტვტ.სთ ელექტროენერგია, საიდანაც 0.9ტვტ.სთ იყო ელექტროენერგიის ექსპორტი ქართული გენერაციის ობიექტებიდან, ხოლო 3.2 ტვტ.სთ იყო მეზობელი ქვეყნებიდან, ძირითადად აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით. თურქეთში ექსპორტი წლიურად 290.4%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზიტი 180%-ით.
კონკრეტულად თურქეთში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 79.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წელს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10.3-ჯერ აღემატებოდა. ტოპ-3 ექსპორტიორი თურქეთში იყვნენ თბილისის საინვესტიციო ჯგუფი, ინტერ რაო საქართველო და აჭარისწყალი. ექსპორტის შემოსავლის გარდა, საქართველოსთვის შემოსავალს წარმოადგენდა ასევე ტრანზიტის საფასურიც, რომელსაც სატრანზიტო კომპანიები უხდიან საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - 2022 წელს ამ საფასურის ჯამური მოცულობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით. ჰიდროგენერაციის 5.0%-იანი წლიური ზრდა კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა)