ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 11.8 ტვტ.სთ შეადგინა 2022 წლის 10 თვეში. ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო იანვარი-მაისის პერიოდში (+11.8% წ/წ), ხოლო შედარებით გრილი ზაფხულიდან გამომდინარე მოხმარების ზრდა შენელდა ივნისი-ოქტომბრის პერიოდში და წლიურად 0.3% შეადგინა. ამის შესახებ საუბარია „გალტ ენდ თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.
ზოგადად, წლის განმავლობაში მოხმარების ზრდა მეტწილად იურიდიულ პირებზე მოდიოდა. აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.9%-ით გაიზარდა და ქვეყნის ჯამური მოხმარების 21.1% შეადგინა. აფხაზეთის რეგიონის გამოკლებით, დანარჩენი საქართველოს მოხმარება წლიურად 5.5%-ით გაიზარდა 9.3ტვტ.სთ-მდე. სხვადასხვა ჯგუფებს შორის მოხმარების გადანაწილებაზე დიდი გავლენა იქონია პირდაპირი მომხმარებლების რაოდენობის ზრდამ.
სექტემბრის ბოლოსთვის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგია შეისყიდა 55-მა პირდაპირმა მომხმარებლებმა. ამ 55-დან უმეტესობა იძულების წესით დარეგისტრირდა პირდაპირ მომხმარებლად, ხოლო ძალიან მცირე ნაწილი ნებაყოფლობით, ელექტროენერგიის საფასური ოპტიმიზების იმედად.