საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.5 აშშ ცენტი შეადგინა. ინფორმაციას GALT&TAGGART-ი აქვეყნებს. თვიურ ჭრილში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მერყეობდა კვტ.სთ-ზე 4.0-6.5 აშშ ცენტის ფარგლებში. ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი იმპორტის გაზრდილი ფასია.
საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობამ 3.2 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მიწოდების 20.3%-ია. ელექტროენერგიის დანარჩენი მოცულობის ვაჭრობა ორმხრივი კონტრაქტებით განხორციელდა. საბალანსო ელექტროენერგიის 76.9% იყო ესკოს მიერ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით (PPA) შესყიდული ენერგია, საიდანაც 40.0 პროცენტული პუნქტი ჰიდროელექტროსადგურები, 27.9 პროცენტული პუნქტი იყო გარდაბნის N2 თბოსადგური, ხოლო დანარჩენი 2.7 პპტს ქარის ელექტროსადგური. საბალანსო ელექტროენერგიის 19.3% იყო იმპორტი, ხოლო დანარჩენი 3.8% თბოსადგურებისა და ჰიდროსადგურების უკონტრაქტო ენერგია იყო.
GALT&TAGGART-ში აღნიშნავენ, რომ საქართველომ მოახერხა ადგილობრივ ბაზარზე დაბალი ფასების შენარჩუნება, მსოფლიოში არსებული ენერგეტიკული კრიზისისა და ფასების ზრდის მიუხედავად, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:
- მიწოდების 70%-ზე მეტი ჰიდროგენერაციით კმაყოფილდება, მისი თვითღირებულება კი არაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე;
- თბოსადგურები საქართველოში იყენებენ ე.წ. სოციალურ გაზს, რომლის ფასიც დაფიქსირებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით და არ იცვლება მსოფლიო ტენდენციებთან ერთად;
- ელექტროენერგეტიკული ბაზარი მეტწილად რეგულირებულია და საბაზრო ფაქტორები ნაკლებ გავლენას ახდენენ მთელი სექტორის საშუალო ფასზე.