იანვარში ელექტროენერგიის გენერაცია 26.9%-ით 1.025 მლრდ კვტ/სთ-მდე, ხოლო მოხმარება 16.2%-ით 1.373 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს.
გენერაცია გაიზარდა როგორც თბოსადგურების 341 მლნ კვტ/სთ-დან 508 მლნ კვტ/სთ-მდე, ასევე ჰიდროსადგურების ხარჯზე 461 მლნ კვტ/სთ-დან 510 მლნ კვტ/სთ-მდე. 5.1 მლნ კვტ/სთ-დან 6.6 მლნ კვტ სთ-მდე გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებაც, თუმცა მისი წილი სისტემაში კვლავ 0.7%-ზე ნაკლები რჩება.
ჰესების გენერაციის ზრდა სეზონური ჰესების წარმადობის მატებამ გამოიწვია, მათი გამომუშავება 215 მლნ-დან 268 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, მარეგულირებლიანი ჰესების კი 201 მლნ-დან 193 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა, მათ შორის ენგურჰესის 97 მლნ კვტ/სთ-დან 86 მლნ კვტ/სთ-მდე. 44 მლნ-დან 48 მლნ კვტტ/სთ-მდეა გაზრდილი მცირე ჰესების (13 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის) გამომუშავებაც.
იმპორტი უმნიშვნელოდ 2%-ით 406 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა, თუმცა რუსეთიდან იმპორტი 11%-ით 291 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, საიდანაც 245 მლნ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა, რაც თავის მხრივ 34%-ით გაზრდილი მონაცემია. „უფასო დენის“ გამო კრიპტომაინინგი რეგიონში კვლავ მომგებიან საქმიანობად რჩება და როცა საჩვენებლად ერთს მაინერებს ართმევენ სხვა 9 მომხმარებელი მოპოვებას განაგრძობს.
ყველაზე მეტად 1330%-ით 186 მლნ კვტ/სთ-მდე ტრანზიტი გაიზარდა. მთელი ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით განხორციელდა.
ისევე როგორც შარშან იანვარში, წელსაც ექსპორტი უმნიშვნელო იყო. ექსპორტის აქტიური სეზონი მაის-ივლისია. ამ სამ თვეში შარშან გაყიდული ელექტროენერგიის 85%-ზე მეტი განაწილდა.