არსებობს მოსაზრება, რომ ელექტრო სიგარეტი მწეველებს მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში ეხმარება. თუმცა, ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ეს უფრო მარკეტინგული ხრიკია, ვიდრე რეალობა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევაში დაახლოებით 50 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც მკვლევრები, თამბაქოს მოხმარების დაკვირვების მიზნით, ყოველწლიურად უკავშირდებოდნენ. საბოლოოდ, მეცნიერებმა 545 ადამიანი შეარჩიეს, რომლებიც ერთდროულად ჩვეულებრივ სიგარეტს და ელექტრო სიგარეტს იყენებდნენ და თითოეულ მათგანს 4 წელი აკვირდებოდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ მწეველებმა ელექტრო სიგარეტის დახმარებით არა თუ უარი თქვეს თამბაქოს მოხმარებაზე, უმრავლესობამ ელექტრო სიგარეტი გადააგდო.
დაკვირვების მეორე წელს, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც კვლავ განაგრძობდა მოწევას 59%-ზე ცოტა მეტი - 322 ადამიანი იყო; მესამე წლისთვის მწეველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 31%-ით შემცირდა და 222 ადამიანი გახდა; მეოთხე წელს - 191; მაგრამ მეხუთე წელს შედეგები უკან დაბრუნდა და 217 ადამიანმა ისევ მოწევა დაიწყო.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 86,9%-მა სიგარეტისა და ელექტრო სიგარეტის მოწევა 1 წლის შემდეგ ისევ განაგრძო; 80,7%-მა - 2 წლის შემდეგ; 76,7%-მა - 3 წლის შემდეგ; 67,9%-მა - 4 წლის შემდეგ.
ამასთან ერთად, თითქმის ორჯერ მეტია (59%) იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ელექტრო სიგარეტს დაანება თავი, იმ ადამიანების რიცხვთან შედარებით, ვინც ჩვეულებრივი სიგარეტის გადაგდება შეძლო (32.1%). მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ელექტრო სიგარეტის მწარმოებელთა მტკიცება, რომ მათი მოწყობილობა თამბაქოსგან თავის დანებებას უწყობს ხელს, სინამდვილეს არ შეესაბამება.