ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველი ადგილი დაიბრუნა. ამის მიზეზი ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla Inc-ის აქციების ფასის ზრდა გახდა.
მასკმა კვლავ გადაუსწრო ფრანგ მილიარდერ ბერნარ არნოს, რომელიც მას ამ სიაში ორი თვის განმავლობაში უსწრებდა, წერს Bloomberg-ი.
Tesla-ს აქციები ამ წლის დასაწყისიდან თითქმის 70%-ით გაძვირდა, ორშაბათს მათი ღირებულება 5,5%-ით გაიზარდა და 207,63 დოლარი შეადგინა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მასკის წმინდა ქონება, რომელიც 2023 წლის დასაწყისში 137 მილიარდი დოლარი იყო, 187,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბერნარ არნოს ქონება, რომელიც ძვირადღირებული საქონლის მწარმოებელ ლუქს ბრენდ LVMH Moet Hennessy Louis Vuitton-ს ფლობს, 185,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.