საქართველოს ავიაციაში შეიძლება კადრების დეფიციტი გაჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი აცხადებს. მისი თქმით, პანდემიური კრიზისის პირობებში მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის ნაწილი სამუშაოდ სხვა ქვეყნებში წავიდა, ხოლო კომპანიებს მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება უჭირთ. ამ პროცესს ართულებს ისიც, რომ ახალი კადრების გადამზადების მხრივ პრობლემაა, რადგან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ხოლო სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ზაუტაშვილის ინფორმაციით, პრობლემას ქმნის უცხოეთში ტრენინგების მაღალი საფასური, რომელიც დაახლოებით 3 000 დოლარი ჯდება. თითო სპეციალისტის კვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბება 150 000-დან 200 000-მდე ლარის ინვესტიციას მოითხოვს, რის გამოც გადამზადების მხრივ დიდი პრობლემაა.
,,ავიაციაში კადრებთან დაკავშირებით დღეს თუ საგანგაშო სიტუაცია არ არის, ხვალ აუცილებლად გაჩნდება. დარგს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს. არ ხდება მაღალკვალიფიციური კადრების გადამზადება. ნებისმიერ ტრენინგზე, სიმულატორის გასავლელად ჩვენს ტრენერებს და მონაწილეებს უწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება, რაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. საშუალოდ 1 ტრენინგი 3000 დოლარის ღირებულებისაა. კომპანიამ ეს ან თავისი ხარჯით უნდა გააკეთოს, ან სახელმწიფომ დააფინანსოს. ქართული მაგალითი რომ ავიღოთ, ,,ჯორჯია ეარვეისის“ თანამშრომლების 80% გაშვებულია უხელფასო შვებულებაში, ზოგიერთს შეუმცირდა ხელფასი, კრიზისი აისახება თითოეულ თანამშრომელზე. შესაბამისად, ამ სპეციალისტებს სხვა გზა არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ სამსახური ეძებონ ქვეყნის გარეთ, მაგალითად ჩინეთში, აფრიკაში და სხვა. ევროპაში კიდევ უფრო რთული სიტუაციაა, ამიტომ მოთხოვნაა ძირითადად აზიის ქვეყნებში“, - ამბობს იასე ზაუტაშვილი.
მისი თქმით, ქართულ ავიაციაში კადრების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდიდან მუშაობს, ესენი არიან მაღალკვალიფიციური კადრები. მცირეა ბოლო წლებში გადამზადებული სპეციალისტების რაოდენობა, რაც ჯამში ავიაციის მდგრადი განვითარებისთვის არასაკმარისია.
,,თავის დროზე, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველი მფრინავები ყველაზე წარმატებულად და ნიჭიერად ითვლებოდნენ. მათ თითქმის მთელი მსოფლიო აღიარებდა, რადგან აქ იყო კარგი ბაზა, უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყო დაცული. შეიძლება ითქვას, რომ ასეა დღესაც, მაგალითისთვის, ,,აირზენას“ რითაც შეუძლია იამაყოს, მას ჰყავს ყველაზე კვალიფიციური მფრინავები და ეს დადასტურდა კიდეც, როცა თბილისი-ვენის ავიარეისზე პრობლემა გაჩნდა და თვითმფრინავმა 2 საათის განმავლობაში იფრინა თბილისის ცაზე, რის შემდეგაც მფრინავმა უსაფრთხოდ დასვა. ასეთი კადრები გვყავს, მაგრამ არსებულ სიტუაციაში მათ უწევთ ქვეყნის გარეთ სამსახურის ძებნა, რადგან ფაქტიურად ავიაციის სფეროში თუ არ დასაქმდნენ, სხვა ალტერნატივა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, დეფიციტი უფრო მეტი შეიქმნება. კომპანიებს კი რუსეთიდან ან უკრაინიდან უწევთ სპეციალისტების ჩამოყვანა, ვინაიდან ადგილზე უკვე ამის ბაზარი და საშუალება არ არსებობს“, - ამბობს ზაუტაშვილი.
მისი განმარტებით, საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს 4-დან 6 წლამდე სჭირდება დრო, რომ კვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბდეს. ამაში დიდ ინვესტიციას დებს კომპანია, მაგრამ საქართველოს შრომის ბაზარზე ის არანაირად არ არის დაცული, რომ არ დაკარგავს თავის მიერ გამოზრდილ კადრს, რომელსაც კანონმდებლობით, აქვს არჩევანის საშუალება და შეუძლია დასაქმდეს კონკურენტ კომპანიაში, რაშიც დამსაქმებელი ვერ შეზღუდავს, ხოლო კომპანიას ახალი კადრის მომზადება და დამატებითი რესურსის ჩადება უწევს.
,,კურსდამთავრებულმა, რომელსაც სურს მფრინავობა, ჯერ პრაქტიკა უნდა გაიაროს, რამდენიმე ეტაპია გასავლელი. ხომალდის მეთაურამდე რომ მიიყვანო, 4-6 წელია საჭირო, როგორც მინიმუმ, მასში უნდა ჩაიდოს 50 000 დოლარი. შეამჩნევდით ალბათ, ,,აირზენას“ ჰყავს ქალი პილოტიც, რომელმაც დაამთავრა თუ არა საავიაციო უნივერსიტეტი, პრაქტიკა გაიარა სწორედ ამ ავიაკომპანიაში. ამაში დიდი ფული ჩადო ,,აირზენამ“, მაგრამ არ არის გარანტირებული, რომ სხვა კომპანიის შეთავაზებისას არ შეიცვლის სამსახურს, ჩადებული ინვესტიცია იკარგება. შრომის კოდექსი არ იძლევა საშუალებას, დასაქმებულს ისეთი კაბალური პირობა ჩაუდო, რომ სხვასთან წასვლის უფლება არ მისცეს. ამიტომ ყველა თავს იკავებს. საბოლოოდ დარგის სპეციალისტებს ვკარგავთ. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობა, პროფესიული სასწავლების ხელშეწყობის მხრივ, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება როგორც მათი სწავლა, ასევე პრაქტიკული მუშაობის დაფინანსება, რომ დარგი გადარჩეს. ჩვენ სპეციალისტების დიდი პრობლემა გვაქვს. ვამბობთ, რომ ტურისტულ ქვეყანას წარმოვადგენთ, მაგრამ მომსახურე ტექნიკური პერსონალის სიმცირეს განვიცდით. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ პანდემიისას ზოგი თურქეთში წავიდა, ზოგი აფრიკაში, ჭკვიანი კადრების გადინებაა, როცა პირიქით უნდა იყოს - ადამიანებს პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა მისცე, ჩადო ინვესტიცია და ადგილზე დაასაქმო კადრი, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს, ამიტომ არის პრობლემა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ იასე ზაუტაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პილოტების მიმართ მოთხოვნა იზრდება გლობალურ ბაზრებზეც. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მსოფლიოში ყოველდღიურად მინიმუმ 100 ათასზე მეტი რეისი სრულდება და საზღვრების გახსნის ეტაპობრივ პროცესთან ერთად, მუდმივად იზრდება ფრენების რაოდენობა, რომელთა უსაფრთხოებაზეც უამრავი ადამიანი ზრუნავს.
გლობალურად შესრულებული ავიარეისების მზარდი რაოდენობა პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ამ მიმართულებით პროფესიონალ კადრებზე გაზრდილ მოთხოვნაზე.
პილოტების დეფიციტის შესავსებად პროფესიაში გენდერული დისბალანსის გადახედვა ერთ-ერთი რეკომენდაციაა. პილოტების საერთაშორისო ასოციაციის ანგარიშით, პილოტების 5%-ზე ცოტა მეტი ქალია, ინდოეთს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ქვეყანაში პილოტების 13% ქალია, მაშინ როდესაც ბრიტანეთში აღნიშნული მაჩვენებელი სულ რაღაც 4,8%-ია.
მარი ჩიტაია