ენერგეტიკის სექტორი განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმის, ე.წ. CFD სქემის ფარგლებში პირველი აუქციონის მოლოდინშია. განსხვავდებით PPA მექანიზმისგან, CFD - ის მოდელში სახელმწიფო ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს და CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება.
რა მოლოდინები აქვს სექტორს და რამდენად მისაღებია მათთვის CFD სქემა, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სქემა სექტორისთვის მისაღებია, თუმცა არსებობს რისკი იმისა, რომ ზოგიერთმა კომპანიამ არარელევანტური ფასი წარადგინოს, რაც შემდგომში ვალდებულების ვერ შესრულებას გამოიწვევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია და მივესალმებით იმას, რომ სამწლიანი სტაგნაციისა და მორატორიუმის შემდეგ ყინული დაიძრა, ახლა მთავრობასთან ერთად დახვეწის პროცესში ვართ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს მექანიზმი. CFD მოდელი ოპტიმალურთან ყველაზე ახლოსაა. ჩვენ, ერთის მხრივ, გვაქვს ის, რომ კომპანიები იძულებული არიან თავისუფალ ბაზარზე ივაჭრონ, რაც როგორც ბირჟის ლიკვიდურობისთვის, ასევე საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მეორე მხრივ არსებობს შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის მიხედვით, უნდა გამოვლინდეს საუკეთესო ფასის მქონე კომპანია, რაც რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და უკეთესია.
ვფიქრობთ, რომ მარტო ფასის კრიტერიუმმა შეიძლება არასწორ მოლოდინებამდე და შედეგამდე მიგვიყვანოს, მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს ხარისხი და ენერგეტიკული პოტენციალის ნაწილი“ , - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა
აბრამიშვილის თქმით, პირველი აუქციონი, რომელიც თვის ბოლოს ჩატარდება, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე.
კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ინვესტორების მოსაზიდად, აბრამიშვილი აცხადებს, რომ CFD სქემის ამოქმედების გარდა, საჭიროა მოსახლეობასთან სწორი და თანმიმდევრული მუშაობა, ცნობიერების ასამაღლებლად და განახლებადი ენერგიების სიკეთეების დასანახად.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია, საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა, რომ გამოგონილი მიზეზების გამო პროექტები არ შეჩერდეს და არ იზარალოს ქვეყანამ, როგორც ეს უკვე მოხდა და დავრჩით რუსეთზე დამოკიდებული, რაც მზარდია, ეს შედეგები კი აფრთხობს ინვესტორებს“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
CFD მექანიზმი ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელია, რომლითაც მთავრობის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.
რაც ეხება PPA მოდელს, აღნიშნული მოდელის დროს სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ დებდა სხვადასხვა სახის კონტრაქტს ელექტროენერგიის გარანტირებული წესით შესყიდვის შესახებ. სწორედ PPA ტარიფი იყო გარანტია ინვესტორისთვის, რომ მის მიერ ახალი ჰესის მშენებლობაში მილიონობით დოლარის ჩადების შემდეგ ის ამ თანხას ამოიღებდა. PPA კონტრაქტის მაგალითია ხუდონჰესის ინვესტორ ტრანსელექტრიკასთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰესის აშენების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 8 წლის განმავლობაში გარანტირებული წესით 10.5 ცენტად შეეძინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხუდონის ჰესი ამ ხელშეკრულების მიუხედავად არ აშენდა, თუმცა აშენების შემთხვევაში ბიუჯეტს მის PPA კონტრაქტზე მნიშვნელოვანი თანხების გაღება მოუწევდა.
თაკო კვაჭანტირაძე