2021 წელს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ შემოსავალმა 436,959 მლნ ლარი შეადგინა, რაც 53%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში კომპანიამ 64.8%-ით 97.7 მლნ ლარამდე გაზარდა შესყიდული ელექტროენერგიაში გადახდილი თანხა.
2020 წელს 74 მლნ ლარის ზარალის შემდეგ, 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 191.5 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წელს ზარალის მთავარი მიზეზი შეწყვეტილი ოპერაციებიდან მიღებული 148.8 მლნ ლარის ზარალი იყო.
„2020 წლის 29 დეკემბერს სემეკმა დააწესა ელექტროენერგიის მოხმარების ახალი ტარიფები საბოლოო მომხმარებლებისთვის. გაზრდილი ტარიფები ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვარს და აანაზღაურა წინა პერიოდების ზარალი“, — აღნიშნულია ანგარიშში.
გასულ წელს მოგებასთან ერთად კომპანიას მნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები, მათ შორის მომსახურების ხარჯები ( 22.2 მლნ ლარი) და შრომითი დანახარჯები (68.3 მლნ ლარი). კომპანია 2021 წლის მდგომარეობით ასაქმებდა 5 062 ადამიანს.
საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 2.6%-ით 746,7 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 49%-ით 580.9 მლნ ლარამდე კაპიტალი.
კომპანიის საინვესტიციო გეგმის თანახმად, 2021 წელს სულ განხორციელდა 151.5 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელთა უმეტესობა ახალ მიერთებებს და ქვესადგურების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას მოხმარდა.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დარეგისტრირებულია 2006 წლის 31 ივლისს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის განაწილებაა. კომპანია შედის ჯგუფში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში და რომელიც ფლობს საქართველოს, ბულგარეთის, თურქეთის, შვეიცარიისა და კოლუმბიის ენერგოსექტორებში მოქმედ მრავალ საწარმოს.
კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა ასეთია:
ენერგო პრო ეი. ეს. (ჩეხეთის რესპუბლიკა) – 50.1%;
სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ (საქართველო) – 49.9%