აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდთან შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
„ეს იყო ჩვენი ვიზიტის მთელი აქცენტი. გვინდოდა ფოკუსირება მოგვეხდინა სამუშაოზე, რომელიც უნდა შესრულდეს იმ გეგმის განხორციელებისას, რომელიც გვაქვს და ასევე განგვეხილა, როგორ მივიწევთ წინ ყველა ამ სხვადასხვა ძალისხმევის მიმართულებით“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს პოლონეთში, უკრაინის საზღვართან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ნახეს მათ დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე, ბლინკენმა უპასუხა, რომ სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთიდან კიევში მატარებლით ჩავიდნენ.
„ასე რომ, ბევრი ვერაფერი ვნახეთ მატარებლის ფანჯრიდან. კიევში პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში წავედით. რიგით უკრაინელებთან საუბრის დიდი შესაძლებლობა არ იყო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში - მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლა კიევისთვის მოგებულია“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კიევში არსებული სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც უკრაინის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში ხდება.
„ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება უკრაინის სხვა ნაწილებში, სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსული სისასტიკე ყოველდღე საშინელებებს მართებს ადამიანებს“, - აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში მომავალი კვირიდან დაბრუნდებიან.
„ისინი დაიწყებენ პროცესის განხილვას, თუ როგორ გავხსნით ხელახლა საელჩოს კიევში, ვფიქრობ, ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას ფრთხილად ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ბლინკენმა.