აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა მისი გაკონტროლება ბევრად უკეთესად შეიძლება.
„არ ვფიქრობ, რომ ოდესმე შევძლებთ კორონავირუსის აღმოფხვრას იმ გაგებით, რომ იგი სრულად გაქრება ჩვენი პლანეტიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მისი კონტროლი და ზოგიერთ ქვეყანაში მისი აღმოფხვრაც კი შესაძლებელია. ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ ჩვენ ძალიან აგრესიულად განვახორციელებთ ვაქცინაციის პროგრამას, ჩვენ შევძლებთ მკვეთრად შევამციროთ ამ ვირუსის გავლენა მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის თქმით, როდესაც საქმე ახალ ვარიანტებს ეხება, მას უფრო გლობალური ვაქცინაციის დონე აწუხებს, ვიდრე გლობალური მოგზაურობის განახლება.
„რაც უფრო მალე მოხდება მსოფლიოს ვაქცინაცია, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჩათვლით, მით უფრო დიდი შანსი გვექნება, ახალი ვარიანტების გაჩენა არ დავუშვათ “, - განაცხადა მან.
imedinews.ge