აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევა შეიძლება შეაყოვნონ.
ენტონი ფაუჩის თქმით, არავაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობა და მომავალი ვარიანტების გაჩენის შესაძლებლობა მას აიძულებს, პანდემიის დასრულების შესახებ პროგნოზი ფრთხილად გააკეთოს.
„ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური და უსაფრთხო საშუალება, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ გამოიყენა, რაც ართულებს ჩვენს პასუხს ისედაც საშინელ გამოწვევაზე. ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ სხვა ვარიანტს მივიღებთ, რომელიც შეძლებს თავი აარიდოს იმუნურ დაცვას. იმედი მაქვს, რომ ეს სცენარი არ განვითარდება“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსი მიმდინარე წელს ენდემური შეიძლება გახდეს, თუმცა დასძინა, რომ პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც დაავადება საზოგადოებას ვერ გაანადგურებს.
„უნდა გვყავდეს საკმარისი რაოდენობის ვაქცინირებული და რევაქცინირებული ადამიანებისა და ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული და იმუნიტეტის კარგი ხარისხის მქონე ადამიანების ჯგუფი და ამ შემთხვევაში, გვექნება ვარიანტი, რომლის პათოგენურობის ხარისხი ნაკლები იქნება“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
imedinews.ge