აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში საჰაერო მოგზაურობისთვის ვაქცინაციის მოთხოვნას მხარს დაუჭერს.
„მე ამას მხარს დავუჭერ. თუ თვითმფრინავში ჩაჯდომა და სხვა ადამიანებთან ერთად მოგზაურობა გსურს, აცრილი უნდა იყო“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
გასულ კვირას, „დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონ ბეიერმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ყველა ავიაკომპანიისა და მატარებლების მგზავრებს ვაქცინაციის მტკიცებულების ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას ავალდებულებს.
18 აგვისტოს აშშ-ის ადმინისტრაციამ თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში პირბადის სავალდებულო ტარების მოთხოვნა 18 იანვრამდე გაახანგრძლივა.
პირბადის ტარება სავალდებულოა თვითმფრინავებში, გემებში, მატარებლებში, მეტროებში, ავტობუსებში, ტაქსებსა და სატრანსპორტო კვანძებში, როგორიცაა აეროპორტები, ავტობუსების ტერმინალები, რკინიგზისა და მეტროს სადგურები და საზღვაო პორტები.
imedinews.ge