ამერიკელებმა, რომლებიც აცრილები არიან და რომელთაც ბუსტერ დოზაც მიღებული აქვთ, შეიძლება, საახალწლო დღესასწაულები ოჯახებთან ერთად გაატარონ, თუმცა დიდი შეკრებები მათთვისაც არაა უსაფრთხო, ვინც ბუსტერ დოზა მიიღო, - აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა, სიფრთხილე მაინც საჭიროა.
ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ში კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, გარდაცვალების მაჩვენებელმა კი 3,5%-ით მოიმატა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge