აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი მთელ მსოფლიოში მძვინვარებს.
„ერთი რამ ცხადია და ამაში ეჭვი არავის ეპარება: კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს გავრცელებისა და გადაცემის უჩვეულო უნარი აქვს. ის მთელ მსოფლიოში მძვინვარებს“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩის თქმით, მაშინ, როდესაც ექსპერტები არკვევენ, არის თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი წინა შტამებთან შედარებით, უფრო მეტად ან ნაკლებად მძიმე, სამხრეთ აფრიკიდან მოსული მონაცემები ვარაუდობს, რომ ჰოსპიტალიზაციისა და შემთხვევების თანაფარდობა ნაკლებია, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში.
16 დეკემბერს, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვირუსის ყველაზე გადამდები ვარიანტია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge