საქართველოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები ექიმებს შესთავაზებენ შესაძლო რისკებისგან დაზღვევას მცდარი სამედიცინო ქმედების შემთხვევაში. ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა მედიკოსს დაიცავს ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგანაც. გარდა ამისა დაიფარება პაციენტის ჯანმრთელობის გართულების ან გარდაცვალების გამო დაკისრებული დამატებითი მკურნალობის ან კომპენსაციის გაღების ვალდებულება მიუხედავად ექიმის ბრალეულობისა, ასევე საჩივრის წინააღმდეგ თავის დასაცავი ხარჯები.
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია თუმცა მისი ამოქმედების ვადები ჯერ კიდევ უცნობია.
„სადაზღვევო კომპანიებს ეს პროდუქტი აქვთ და ქვეყანაში უკვე ბევრი ექიმი სარგებლობს, თუმცა ახლა საუბარია მისი სავალდებულო ფორმაზე. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა მოდელი არსებობს, მაგრამ საქართველოსთვის რა მოდელი უნდა ამოქმედდეს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ეს მუშაობის პროცესში გამოჩნდება. დაზღვევის პრინციპია, ექიმის გადაცდომის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ პაციენტს აუნაზღაუროს მკურნალობის ხარჯები, მორალური ზიანი და ასევე გასცეს კომპენსაცია გარდაცვალების შემთხვევაშიც კი. ბევრი რამ გაუმართავია საქართველოში, მათ შორის ის საკითხი თუ როგორ მოხდება შეცდომის დადასტურება, თუმცა ერთი ფაქტია, როდესაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, ექიმი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს და პროფესიულ საქმიანობასაც უფრო ხარისხიანად გააგრძელებს,“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძეც „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მიხედავად ექიმების ნაწილის პროტესტისა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღება აუცილებელია.
„ექიმებისა და ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება აუცილებელია, ისე როგორც ეს არის ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბევრ ნორმალურ ქვეყანაში. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა ტიპის პაკეტები არსებობს და უცხოეთში რეალურად სამედიცინო დაწესებულებასთან კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია, თუ ექიმს ეს დაზღვევა არ აქვს.
შეცდომებისაგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ეს სავალდებულოა. შეიძლება თავიდან უკმაყოფილება გამოიწვიოს ექიმებში, მაგრამ როდესაც დაინახავენ მის დადებით შედეგებს, მიხვდებიან რომ ეს საჭიროა. იყო შემთხვევა როდესაც მაგალითად ქირურგს შეუწყვიტეს ლიცენზია 3 თვით, შეცდომის გამო და მაშინ რადგან მას ჰქონდა პროფესიული დაზღვევა, იმ თვეების განმავლობაში სადაზღვევო კომპანია უხდიდა იმ თანხას რაც იყო განსაზღვრული, პაციენტსაც აუნაზღაურეს ზარალი. ახლა საუბრობენ რომ ისედაც მცირე ხელფასი აქვთ ექიმებს და კიდევ ფული უნდა იხადონ, მაგრამ დაზღვევა არის სიმშვიდე. ის ძალიან მწვავე პრობლემას აგვარებს, როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის. ექიმების ნაწილის პროტესტის მიუხედავად ეს აუცილებელია“, — ამბობს ვატო სურგულაძე.
ნინო თამაზაშვილი