ყველას კარგად ახსოვს 2018 წლის 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 ადამიანის, მათ შორის 1 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 ადამიანი კი დაშავდა - იმის მიუხედავად, რომ ორი წლის წინ ამ რეზონანსულმა შემთხვევამ ექსკურსიების გამკაცრების აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სასკოლო ექსკურსიები უნდა ჩატარდეს.
პრობლემების მთელი ჯაჭვი, რაც უკავშირდება ექსკურსიების ტრაგიკულ დასასრულს, მოიცავს ავტომობილის გაუმართაობას, მძღოლის არაპროფესიონალიზმს, გზების გაუმართაობას და ა.შ. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ საჭიროა ექსკურსიების აკრძალვაც კი. მიუხედავად ამისა, ორი წლის მანძილზე სკოლების მიერ, ჩვეული უკონტროლო რეჟიმით ტარდებოდა ექსკურსიები და მყისიერი ზომები ამის საწინააღმდეგოდ, საზოგადოებას არ უნახავს.
თუმცა, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი სისტემა აღნიშნულ მძიმე მოცემულობას ექსკურსიებთან დაკავშირებით მყისიერად უმკლავდება.
„ დიდი ხნის წინ იყო კანონპროექტის პირველი მოსმენა. სამწუხაროა, რომ არაერთი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა ექსკურსიებზე. მეორე მოსმენით, ახლა მივიღეთ კანონი. გეტყვით, რომ გადაწყვეტილება გომბორის ტრაგედიის შემდეგ იყო მყისიერი, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ პარლამენტშივე მესამე მოსმენით უკვე მივიღოთ ეს კანონპროექტი. შატილის მოვლენებმა კიდევ უფრო ხაზი გაუსვა საკითხის აქტუალობას. უბედური შემთხვევების სპეციფიკიდან და არსიდან გამომდინარე, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ უზრუნველყვეს გზების 100%-ით დაცვა. ამ კანონპროექტის განხილვაც, იმის დასტურია,რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს, როგორც საკანონმდებლო,ისე აღმასრულებელ დონეზე ამ მძიმე მოცემულობასთან გამკლავებას,“ - ამბობს დეპუტატი.
2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედება ექსკურსიების ჩატარების განახლებული პროტოკოლი. კანონში ჩნდება ექსკურსიის და ექსკურსიის ხელმძღვანელის ცნება. წესების დარღვევისთვის კი ჯარიმა 200 ლარია.
„სკოლებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს ექნებათ დრო, რომ სათანადოდ მოემზადონ, რათა კანონის სრული დაცვით მოხდეს ექსკურსიების ჩატარება. ცვლილება შევიდა საზგაო მოძრაობის შესახებ წესებში და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში.
პირველ რიგში, უნდა ითქვას,რომ კანონში ჩნდება ექსკურსიის ცნება და ამ ცნების ქვეშ მოიაზრება არა მშობლების, არამედ სკოლის ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოწყობილი, გასართობ შემეცნებითი და სასწავლო ღონისძიება,რომელიც მოიცავს ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბავშვების გადაადგილებას, კონკრეტული პუნქტიდან პუნქტამდე და უკან.
კანონში შემოდის ახალი ცნება, ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი,რომელიც უნდა იყოს საგანმანათლებო დაწესებულების წარმომადგენელი, არა მშობელი, არამედ სკოლამდელი ან სკოლის ასაკის საგანმანათლებო დაწესებულების წარმომადგენელი.
მძღოლმა უნდა წარმოადგინოს და თან უნდა იქონიოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ,რომელიც ექსკურსიის თარიღთან მიმართებაში ბოლო ერთი თვის განამვლობაში უნდა იყოს გაცემული. მძღოლი უნდა იყოს ასევე კვალიფიციური და მას უნდა ჰქონდეს 5 წლიანი გამოცდილება.
რაც შეეხება აღსრულებას, წესის დარღვევსითვის 200 ლარი, ხოლო განმეორებით დარღვევისთვის 400 ლარია ჯარიმის სახით. აღსრულებას საპატრულო პოლიცია მოახდენს,“ - აღნიშნა დავით მათიკაშვილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექდათვალიერება გავლილი უნდა ჰქონდეს 6 თვის ვადაში. მასში უნდა იყოს ცეცხლჩამქრობი, ასევე სამედიცინო ჩანთა. დაუშვებელია დამატებითი სავარძლების დამატება და თითოეული სავარძელი უნდა იყოს დამჭერით აღჭურვილი.
თუ კი, ექსკურსია მოიცავს 500 კმ-ზე მეტ მანძილს, ექსკურსიას თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამ წესის დაწვრილებით რეგულაცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მთავრობამ უნდა დაადგინოს 2021 წლის პირველ იანვრამდე.
ღვედების გადაჭერის უზრუნველყოფა არა მძღოლის, არამედ ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმდება არა მძღოლი, არამედ ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელი.