Reuters რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ კომპანია გერმანიაში თავის საქმიანობას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რომ ბერლინმა რუსულ გაზზე გადახდები ევროდან რუბლზე უნდა გადაიტანოს.
ჯერ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდებაზე, რაზეც ეს ქვეყანა, დაახლოებით, 40%-ით არის დამოკიდებული.
„გაზპრომმა“განაცხადა, რომ Gazprom Germania GMBH-ში და მის ყველა აქტივში, მათ შორის Gazprom Marketing & Trading-ში მონაწილეობას წყვეტს. კომპანიაში დამატებით დეტალებზე Reuters-თან კომენტარი არ გააკეთეს.
გერმანული Handelsblatt გუშინ წერდა, რომ ენერგომომარაგების უსაფრთხოებაზე შეშფოთების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ განყოფილებების ექსპროპრიაციას განიხილავს, დღეს კი კრემლში ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.
Gazprom Germania ბერლინში არის დაფუძნებული და მისი ერთადერთი აქციონერი Gazprom Export-ია, რომელიც „გაზპრომის“ სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიაა. Gazprom Germania-ს შვილობილი კომპანიები, მათ შორის შვეიცარიასა და ჩეხეთშიც აქვს. მისი ძირითადი ბიზნეს სფეროები არის შენახვა, ვაჭრობა და გაზის, როგორც საწვავის მიწოდება საგზაო ტრანსპორტისა და გემგადაზიდვებისთვის, ასევე, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მომარაგება გერმანიასა და ჩეხეთში.
როგორც ცნობილია, პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის გადასახად ვალუტად რუბლის დაწესების შესახებ, რაზეც გერმანიამ უარი განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გერმანია „პუტინის შანტაჟს არ დაექვემდებარება.