თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერ ეკრემ იმამოღლუს ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის ორი წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამი წლის წინ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებას, სადაც მან ხელისუფლების წარმომადგენელს მოუგო, „იდიოტიზმი“ უწოდა. სასამართლომ ეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფად მიიჩნია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმამოღლუს ასევე ეკრძალება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, რაც ფაქტობრივად ართმევს მას მომავალ წელს გასამართი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
იმამოღლუ წარმოადგენს თურქულ ოპოზიციას და ითვლება თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად.
სასჯელის გამოტანისას იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბა და სკანდირებდნენ სიმართლე, კანონი, სამართლიანობა!
ეკრემ იმამოღლუმ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა და განაცხადა, რომ მას გაასაჩივრებს. მან მხარდაჭერებსაც მიმართა და გაანცხადა, რომ ისინი სტამბოლის მსგავს გამარჯვებას მიაღწევენ მთლიანად თურქეთშიც.
„ჩვენ გვაქვს 2023 წლისთვის იდეალი; ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ სტამბოლში, წარმატებას მივაღწევთ თურქეთშიც,“- განაცხადა იმამოღლუმ.
ვიდრე საქმე სასამართლოს ზედა ინსტანციებსაც მოივლის, იმამოღლუ სტამბოლის ხელმძღვანელობას გააგრძელებს.