ხელოვნების მუზეუმის შენობა ავარიულია, სამუზეუმო ექსპონატები კი არასათანადო პირობებში ინახება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამუზეუმო ექსპონატები, ზოგ შემთხვევაში, სხვენსა და სარდაფში, არასათანადო პირობებშია განთავსებული.
აუდიტის სამსახური თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებზე მიუთითებს.
"ხელოვნების მუზეუმის შენობა არის ავარიული (მესამე კატეგორია), კედლები დაბზარულია, ჭერი და იატაკი საგრძნობლად არის დაზიანებული, განსაკუთრებით სარდაფი. ფართობის სიმცირის გამო, ექსპონატები ძირითადად ინახება არასათანადო პირობებში, ექსპონატების გარკვეული ნაწილი დაავადებულია და საჭიროებს რესტავრაციას",- აღნიშნულია დოკუმენტში.
ირკვევა, რომ ეროვნული გალერეის კუთვნილი თანამედროვე ქანდაკების ფონდი, დაახლოებით, 1124 ექსპონატით, განთავსებულია თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფში. ასევე ხელოვნების მუზეუმის ქვისა და ხის ფონდიც განთავსებულია სარდაფში.
აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ეროვნულ მუზეუმში არ არის დასრულებული ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"