საქართველოს პარლამენტის მიერ, 2022 წლის 29 ნოემბერს მიღებული იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური ობლიგაციების მარეგულირებელი/საზედამხედველო ჩარჩოს სამუშაო ვერსია შეიმუშავა.
ამ კანონის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში - იპოთეკური ობლიგაციები) ბაზრის განვითარების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ეს კანონი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სებ-ის ინფორმაციით, ამ კანონის შესაბამისად გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები შესაძლებელია განთავსდეს როგორც კერძო, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე. აკრძალულია საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის დასახელებაში ან აღწერაში სიტყვათა შეთანხმების - „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან მათი უცხოური ეკვივალენტის (მათ შორის, - “Covered Bond”) გამოყენება, თუ აღნიშნული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ არის გამოშვებული ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ამ კანონის აღსრულების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის დამატებითი მოთხოვნები, პროგრამის სტრუქტურული მახასიათებლები, უზრუნველყოფის აქტივების აღრიცხვის წესი, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის, პროგრამის ადმინისტრატორისა და პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების საკითხები, მათი უფლებები და მოვალეობები, ასევე იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტის მიერ ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული საკითხები.