საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საქართველოს ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ტურიზმის მნიშვნელობასა და მახასიათებლებს პანდემიამდე და დამატებით, აღწერს COVID-19 შედეგებსა და აღდგენის ტემპებს ამ სექტორში. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„კვლევაში მოცემულია ისეთი დეტალები, როგორიცაა ტურიზმის მნიშვნელობა და მახასიათებლები საქართველოში, ტურიზმის სექტორის საკრედიტო რისკების შეფასება, სასტუმრო სექტორის პირველადი კვლევა და სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემები.
კვლევაში ასევე განხილულია სასტუმროების სექტორის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა სებ-ის კონსოლიდირებულ მონაცემებს და მსესხებელი კომპანიების გარკვეული ფინანსური მაჩვენებლები გეოგრაფიული არეალისა და ტიპის გათვალისწინებით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლევის შედეგები საბანკო ასოციაციის ჩართულობით უკვე გააცნო კომერციულ ბანკებს. დღეიდან კი ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აღნიშნული შედეგების გაცნობა დაინტერესებული საზოგადოებისთვისაც იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ეკონომიკის სხვა სექტორების ანალიზზე, მათ შორის უძრავი ქონების დეველოპმენტისა და უძრავი ქონების მენეჯმენტის მიმართულებებით, რომელთა გამოქვეყნებაც იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე.
კვლევა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.