ეროვნული ბანკის ზედამხედველობის არეალი ფართოვდება. მარეგულირებელში ამბობენ, რომ საფინანსო ბაზარზე დაურეგულირებელი სფეროები კვლავ არსებობს.
შესაბამისად, მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემი სუბიექტის ცნება გაფართოვდება და მასში სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ურთიერთობებიც შევა.
როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაშია ნათქვამი, კანონპროექტით ეროვნულ ბანკს უფლება ექნება სამართლებრივი აქტით დაადგინოს განვადებით ნასყიდობისას საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.
„ბაზარზე გაჩნდა ისეთი ახალი პროდუქტები, რომლებიც სესხის შინაარს ატარებს, თუმცა დარჩენილია რეგულირების გარეშე. მაგალითად, ყიდვა უკუ გამოსყიდვის პირობით და მსგავსი პროდუქტები. ფაქტობრივად, ეს არის დაურეგულირებელი სფერო და ამ შემთხვევაში არის არაჯანსაღი კონკურენცია. მსგავს პროდუქტებზე ასევე არ ვრცელდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი. სწორედ ამ საკითხების დარეგულირების მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები. გაფართოვდება სესხის გამცემის სუბიექტის ცნება და მის ქვეშ მოექცევა მსგავსი სახელშეკრულებო ურთიერთობებიც“,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, სესხის გამცემის სუბიექტის ცნება ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს შემოიღო და მისი რეგულირების ქვეშ შევიდა ისეთი საკრედიტო ორგანიზაციები და იურიდიული პირები, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. აღნიშნული რეგულაციით გარკვეულწილად დარეგულირდა ე.წ მევახშეების მიმართულება. თუმცა როგორც თავად სებ-ში აღნიშნავენ, ბაზარზე დაურეგულირებელი საკრედიტო ურთიერთობები კვლავ არსებობს.
businessformula.ge