საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რეგულაციის შერბილება სესხის გამცემებისთვის ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებას, რისკების მართვაში მეტ მოქნილობასა და სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლების ზღვრების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენად შემცირდება სესხის მომსახურებისთვის განსაზღვრული შემოსავლების ზღვარი.
„რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ეროვნულმა ბანკმა 1-ელ ოქტომბერს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტით, ანუ 25 პროცენტამდე შეამცირა. ახალი ინიციატივით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნებით 5%-ით, ანუ 30%-იდან 25%-მდე შეუმცირდათ, რის შედეგადაც დამატებით, 700 მილიონი დოლარის გასესხება შეუძლიათ.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გასაცემ სესხებს, დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.
Imedinews