საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის იანვარში ერთი კომერციული ბანკი („ტერაბანკი“), ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია („ნოვა კრედიტი“ და „გირო კრედიტი“) და 36 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა.
ყველაზე დიდი ჯარიმა იანვარში ს.ს. „ტერაბანკმა“ გადაიხადა, მისი მოცულობა 41 000 ლარი იყო, მეორე ადგილზე 32000 ლარით „ნოვა კრედიტია“, „გირო კრედიტი“ კი მხოლოდ 2000 ლარით დაჯარიმდა. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ჯარიმების საერთო მოცულობამ 481 000 ლარი შეადგინა.
ფინანსური ინსტიტუტების დაჯარიმების მთავარი მიზეზები შემდეგია:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო;
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-6 მუხლითა და კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო კლიენტთან მიმართებით (დარღვეულია კლიენტის იდენტიფიკაციის წესი);
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევის გამო (ბანკის მიერ დაირღვა კლიენტის ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის დადგენის მოთხოვნა);
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო;
- ეროვნული ბანკის მიერ ადგილზე შემოწმების შედეგად კომერციული ბანკისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევის გამო.