საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იანვარში უკვე ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ნოვა კრედიტი“ და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი“ დააჯარიმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნოვა კრედიტი“ დაჯარიმდა 32 000 ლარის ოდენობით. ორგანიზაციის დაჯარიმების მთავარი მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გაუმართაობაა, რაც მონაცემთა აღირცხვა-დამუშავებისთვის მოეთხოვება. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს სათანადო ელექტრონული სისტემა, საეჭვო და უჩვეულო გარიგებების გამოსავლენი. შესაბამისი მოთხოვნებს საფინანსო ბაზრის მონაწილეებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის“ კანონი უყენებს.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტი“ დაჯარიმდა 2,000 ლარით, რადგან ორგანიზაციის შემოწმების პერიოდში, გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევა.