ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია „ფიდელის ველს მენეჯმენტი“ 30 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ინფორმაციით, შპს „ფიდელის ველს მენეჯმენტი“-ს (ს/ნ 405214726) შემოწმების შედეგად გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონით გათვალისწინებული პუნქტების ვალდებულებების შეუსრულებლობის 6 (ექვსი) ფაქტი.
„საბროკერო კომპანიის მიერ, 6 (ექვსი) მაღალი რისკის მქონე კლიენტთან მიმართებაში, ანგარიშვალდებული პირის ხელმძღვანელობისგან არ მოპოვებულა კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტის თანახმად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სულ - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;
საბროკერო კომპანიის მიერ, 6 (ექვსი) მაღალი რისკის მქონე კლიენტთან მიმართებაში, არ განხორციელებულა კლიენტის საქმიანობის ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის ზ ქვეპუნქტის თანახმად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი“, — აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.