საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა და 6.5%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე ზრდის გადაწყვეტილებაც ძირითადად სწორედ ამ მიზეზით იქნა ახსნილი.
იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლლდა, ინფლაციის განაკვეთი 10 წლიან მაქსიმუმს მიაღწევს. 2011 წელს სამომხმარებლო ფასები 8.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ ყველაზე მაღალი 6%-იანი ინფლაცია 2017 წელს საწვავზე აქციზის გაორმაგების დროს დაფიქსირდა. 2020 წელს განაკვეთმა 5.2%-ს მიაღწია, თუმცა ის უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა საქსტატის მიერ მეთოდოლოგიის ცვლილება, რომლის დროსაც დეკემბერში სუბსიდირებული კომუნალური გადასახადები ენერგომატარებლების გაიაფებად ჩაითვალა. იგივე, ბევრი ეკონომისტის აზრით არასწორი ტენდენცია, 2021 წლის იანვარ-თებერვალშც გაგრძელდა. სუბსიდირების პროგრამის დასრულებისთანავე მარტში ინფლაციის განაკვეთმა 7.2%-ს მიაღწია. თუმცა ამ შემთხვევაშიც სუბსიდია ფქვილზე მაინც შენარჩუნდა, რის მეშვეობითაც ქარხნული პურის გაძვირება თავიდან იქნა აცილებული, თუმცა თონის პური 20%-ით 1.20 ლარამდე მაინც გაძვირდა.
ინფლაცია თავის არსით დაფარული გადასახადია და ადამიანის შემოსავლებს ამცირებს, რაც განსაკუთრრებით მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახება ხოლმე. მარტში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა: ზეთი და ცხიმი - 35.8%-ით, ყავა და ჩაი - 13.7%-ით, შაქარი - 13%-ით, ჯანდაცვა - 13.6%-ით.
თუ საქსტატის ინფლაციის კალკულატორი სწორია, მაშინ დღევანდელი 100 ლარი 10 წლის წინანდელის 74 ლარს უდრის, 5 წლის წინადელ 78 ლარს და შარშანდელ 93.2 ლარს. იმ პროდუქტებისა თუ მომსახურების შესაძენად რასაც 2021 წლის მარტში 1000 ლარი სჭირდებოდა. გასულ წელს 932 ლარიც საკმარისი იყო და რასაც შარშან 1000 ლარი სჭირდებოდა დღეს იმავე რაოდენობის პრიდუქტების საყიდლად 72 ლარის დამატებაა აუცილებელი. მარტივად რომ ვთქვათ ვისაც ნომინალური შემოსავალი არ ეზრდება, იქნება ეს ხელფასი, იჯარა თუ რაიმე სხვა, მას რეალური შემოსავალი უმცირდება.
ლარის გაუფასურებისას, როდესაც პრეტენზიები ეროვნული ბანკისკენ მიემართება ხოლმე სები ხშირად განმარტებას ავრცელებს, რომ მისი ფუქცია კურსის დაჭერა კი არა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევასაც ვერ ახერხებს და როგორც წესი ინფლაციის განაკვეთი სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.
რეფინანსირების სესხზე განაკვეთის ზრდა, მართალია ინფლაციას ანელებს, მაგრამ მას თავისი მაღალი ფასიც აქვს. სების გადაწყვეტილებით 124 000-ზე მეტ პირს სესხი გაუძვირდა, ანუ მათ სხვა პროდუქტების შესაძენად ნაკლები თანხები დარჩებათ, მეორეს მხრივ ნაკლები ადამიანი აიღებს იპოთეკურ სესხს, ნაკლები ადამიანი შეიძენს ბინას, რაც ისედაც ეკონომიკის ისედაც დაბალ ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანლებს.
გიორგი ელიზბარაშვილი