„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დოლარი ოფიციალურდ ბრუნვაში მიიღონ, როგორც ადრე - ლარიც იყო და დოლარიც. ეს მეტ-ნაკლებად დააბალანსებს სიტუაციას. ლარის კურსის ასეთი ცვლილება იწვევს უმუშევრობას, კომპანიების გაკოტრებას. იძულებული ვართ ავწიოთ ფასები, ხოლო იმას, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი პროდუქტი 30-40 პროცენტით უძვირდება, “ - ამის შესახებ „კომერსანტს“„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანმა განუცხადა.
ირაკლი გურჩიანის თქმით, „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი კომპანიის საქმიანობაზე პანდემიისა და ლარის კურსის გავლენა უმძიმესი აღმოჩნდა. ავტომობილებზე ფასები შენარჩუნებულია, თუმცა პროდუქციაზე მოთხოვნამ 90 პროცენტით იკლო.
„„ტოიოტაში“ ძალიან დიდი ვარდნაა, ვის უნდა შენი მანქანები, ხალხი ერთადერთი იმას ფიქრობს, რით გამოიკვებონ. ასე რომ, გაძლებაზე ვართ. იაპონელები ძალიან გვეხმარებიან, მათაც ავტომობილებზე ფასები დაწიეს და თვითღირებულებაზე ვმუშაობთ ჩვეულებრივად, ერთ ან ორი ავტომობილი იყიდება. შარშანდელთან შედარებით 90 პროცენტიანი ვარდნა გვაქვს, მოთხოვნა და ინტერესი დაეცა. ანტიკრიზისული გეგმა არ გვაქვს, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა არის, რომ გავჩერდეთ.
გაუფასურებული ლარის გამო, ფასს ვერ ვწევ და სრულ ზარალზე ვართ, კატასტროფაა ჩვეულებრივი. სახელმწიფოსთან ჩვენ დაბალი მარჟები გვაქვს, იმდენი, რომ ხელფასებსაც არ ჰყოფნის. ტენდერი რომ ჩატარდა 300 მიკროავტობუსზე, იმ გამარჯვებულ კომპანიას თუ არ აქვს ჩადებული, რომ კურსის ცვლილების გამო, შეუძლია ფასს გადახედოს, ჩათვალეთ, რომ დაიღუპა ის კომპანია.
თუ დაუშვეს დოლარის ბრუნვა თავისუფალ რეჟიმში, ლარსაც ეშველება და ქვეყანასაც,“ - განმარტავს ბიზნესმენი.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზეა და ის თავდაპირველად, როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში „ტოიოტას“ ერთადერთი წარმომადგენელი იყო. 2006 წელს კავკასიაში იაპონელებთან ერთად „ტოიოტას“ ჰაბი შეიქმნა და იაპონურმა კომპანიამ „ტოიოტა ცუშო კორპორაციამ“ 100%-იანი წილით ქართული შპს „ტოიოტა კავკასია“ დაარსა, რომელიც კავკასიის რეგიონში აღნიშნული საავტომობილო მარკის დისტრიბუტორი გახდა.
ამჟამად საქართველოში „ტოიოტას“ ოფიციალური დილერები შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან.
მარიამ მორგოშია