"ერთიანი რუსეთის" გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა თქვა, რომ პარტია სთავაზობს ნაციონალიზებას იმ კომპანიების წარმოებას, რომლებიც რუსეთში წარმოების დახურვას გადაწყვეტენ. განცხადება პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ეს უკიდურესი ღონისძიებაა, მაგრამ ჩვენ არ მოვითმენთ ზურგში დარტყმას და დავიცავთ ჩვენს ხალხს. ეს არის ნამდვილი ომი არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ამას გულგრილად არ შევხედავთ. ჩვენ მივიღებთ მკაცრ საპასუხო ზომებს, ვიმოქმედებთ ომის კანონების შესაბამისად“, - განაცხადა მან.
დასავლური კომპანიების ქმედებები, რომლებიც წყვეტენ რუსეთში მუშაობას უკრაინაში შეჭრის გამო, მისი თქმით, „სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული გაკოტრება“.
როგორც ტურჩაკმა თქვა, მთავარი ამოცანაა „შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და არ დავუშვათ, რომ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი საწარმოო პოტენციალი შიგნიდან განადგურდეს“.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღეს, კერძო კომპანიები სათითაოდ ტოვებენ რუსეთის ბაზარს ან წყვეტენ მუშაობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
გაყიდვებისა და მიწოდების შეჩერების შესახებ გამოაცხადეს Intel, Ericsson, Microsoft, Nokia, Panasonic, Oracle, Siemens, Nvidia, Dell Technologies და სხვებმა. Airbus-მა და Boeing-მა შეაჩერეს მომსახურება რუსეთში, BMW-მ დახურა ქარხნები და გააუქმა მიწოდება, Hyundai, Toyota (Lexus), Renault და Mercedes-Benz შეაჩერეს წარმოება. უდიდესმა ვიდეოსერვისმა Netflix-მაც შეაჩერა მუშაობა რუსეთში.