თბილისთან ახლოს, ერწოს ხეობაში აგრო-დასახლების პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც „კომერსანტს“ პროექტის იდეის ავტორმა გიორგი ბეგაძემ უამბო, საქართველოს რეგიონები ბევრ ისეთ შესაძლებლობას იძლევა, რომელთა რაციონალური გამოყენება ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის არაერთი სარგებლის მომტანია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც.
„თბილისთან ახლოს, საბადურის ტყის მიმდებარედ, ერწოს ხეობაში მომავალი წლიდან აგრო დასახლების მშენებლობის დაწყება იგეგმება. ველოდებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი როდის მოგვცემს უფლებას, რომ პროექტის განხორციელება დავიწყოთ. მაშინ როცა მასშტაბური ინფრასტრუქტურის და გზების მშენებლობას ახორციელებს ცენტრალური ხელისუფლება იმისათვის, რომ რეგიონები განვითარდეს, ადგილზე მუნიციპალიტეტები მაქსიმუმს უნდა აკეთებდნენ, რათა ხელი შეუწყონ იმ ინვესტორებსა და პროექტის ინიციატორებს, რომლებიც ბიზნესპროექტების განხორციელების პარალელურად აძლიერებენ რეგიონალური იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობის თუ ბუნებრივი რესურსების მდგრადობას, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ჭიანურდება. აქ საუბარია პირველი კლასის მსუბუქ ნაგებობებზე, უმეტესი ტერიტორია კი გამწვანებული იქნება, სადაც მრავალფეროვანი ხეხილის ბაღები გაშენდება. აქ კოტეჯების სტილის, მსუბუქი სახლები განთავსდება, დაირგვება დიდი რაოდენობით მწვანე ნარგავები და აგრო თემატიკის პროექტი იქნება და ამ რაიონში ეს შიდა ტურიზმის სერიოზული მასტიმულირებელი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.
გიორგი ბეგაძის თქმით, რეგიონების მდგრადი განვითარების მიზნით სხვადასხვა კუთხეში კიდევ არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმება.