ეს არ არის ის ტურიზმი, რაც სტაბილურია ქვეყნისთვის და მდგრადობას მოუტანს, - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ აპრილში ტურისტული ვიზიტების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს.
„მესმის, რომ სტატისტიკა უნდა შეედაროს გასულ წელს, კოვიდამდე პერიოდს, თუმცა მე ვიტყოდი რომ ადამიანების ეს დიდი რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტად განიხილებიან, რადგან თავიანთი ქვეყანა დატოვეს 24 სთ-ზე მეტი ხნით, არ არის ის ტურიზმი, რაც სტაბილურია ქვეყნისთვის და მდგრადობას მოუტანს.
გარკვეულწილად რაღაც აღდგენა არის, მაგრამ ტურ-ოპერატორების მონაცემებით, ძალიან ბევრი გაუქმებული ჯავშნებია, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან. ტურისტული კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი შესაბამისად ვერ მუშაობს. იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ უშუალოდ მათ, 10-20% აღადგინეს, ზოგიერთს საერთოდ დაკეტილი აქვს ტურისტული კომპანია, ბევრმა გადაინაცვლა მასპინძლობის ინდუსტრიაში.
შემიძლია 10-15 კომპანიის მონაცემი მოვიყვანო, რომელთაგან უმრავლესობამ განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში ევროპიდან მინიმუმ 20-დან 30 ჯგუფამდე გაუქმება აქვთ. ეს არის ნახევარი წლის ბიზნესი ტურისტული კომპანიისთვის, მით უმეტეს, ევროპელ ტურისტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან. თუმცა, ოპტიმისტი მინდა ვიყო და ვთქვა, რომ ჩვენი სექტორი პირდაპირ პროპორციულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, როგორც კი იქ დასტაბილურდება სიტუაცია მაშინვე გაიზრდება ჯავშნები, მანამდე კი გვჭირდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დამსვენებლების მოზიდვა,“ - აღნიშნა თაბაგარმა.