„ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-თან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით“, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა.
რა სარგებელს იღებს ქართული ბიზნესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით და რამდენად სრულფასოვნად იყენებს მას, ამ თემაზე „კომერსანტთან“ „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ დირექტორმა გიორგი გუდაბანიძემ ისაუბრა.
„ვაჭრობასთან მიმართებით, მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მაქსიმალურად მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება განვითარებული მსოფლიოს ქვეყნებთან. ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს მოუტანოს მაქსიმალურად დიდი ეკონომიკური დოვლათი, არ ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასტაბილურ ბაზრებზე როგორიც რუსეთია და საქართველოს საგარეო ვაჭრობა კარგად განვითარდეს“, — ამბობს გიორგი გუდაბანიძე.
გიორგი გურაბანიძე უკვე არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით სარგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მაქსიმალურად გამოყენებისთვის საჭიროა პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ბაზრებს.
„პოპულარიზაცია საჭიროა, იმ კუთხით რომ ესენი არიან სტაბილური ბაზრები რომლებთანაც შეიძლება გრძელვადიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და ამის შესახებ ბიზნესიც უნდა დარწმუნდეს. ასევე საჭიროა ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან ეს არ არის რუსეთი, სადაც ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობაა. ასევე ძალიან დიდი ხარვეზები გვაქვს საწარმოო და ლოგისტიკური მიმართულებით“, — განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.
2022 წლის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 5.59 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 31.8%-ით, ანუ 1.35 მილიარდი დოლარით მეტი იყო. საქსტატის მონაცემებით, რეკორდული ზომის იყო ექსპორტი დეკემბერშიც და ის 555.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია.