ეს არის სიგნალი, რომ ინვესტორები არ უნდა დაეყრდნონ ჩვენს სასამართლო სისტემას, — ასე გამოეხმაურა BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას.
„მოსამართლეები კორუფციის გამო დასანქცირდნენ და სწორედ ისინი არიან, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე დიდი ძალაუფლება სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, სანქციები არის პირდაპირ მინიშნება იმისა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ იმსახურებს ნდობას, მითუმეტეს თუ ვსაუბრობთ ინვესტორებზე. ეს არის სიგნალი რომ ისინი არ უნდა დაეყრდნონ ჩვენს სასამართლოს სისტემას.
თუ არ მოხდა ამ თემების განხილვა, გარკვევა თუ რატომ მოხდა ეს, როგორ მოხდა და რა შეიძლება შეიცვალოს ან გამოსწორდეს, მაშინ ვფიქრობ დასანქცირებული პირების მომავალ ახალ ტალღას მივიღებთ“, — ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.