ბიუჯეტის შევსება ხდება, რათა ხარჯვითი ნაწილი დააბალანსონ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფინანსთა სამინისტროს მიერ მხოლოდ ერთ დღეში 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამოტანას. ამასთან, შენგელია არ გამორიცხავს, რომ შიდა ვალის ასეთი მასშტაბით აღებამ ლარი მცირედით გააუფასუროს.
ცნობისათვის, 2022 წლის 4 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები და 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა. ორივე შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ კომერციულმა ბანკებმა მიიღეს.
ნიკა შენგელია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ „სახელმწიფოს მხრიდან ფასიანი ქაღალდების მასშტაბური გამოტანა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსებისთვის ხდება“.
„ეს ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული, შიდა ვალის აღება. ნაწილს ადგილობრივი კომპანიები შეიძენენ, ან ბანკები და შესაბამისად, გამოვა შიდა ვალი, ნაწილს ქვეყნის გარეთ არსებული ინსტიტუტები და ეს საგარეო ვალად კვალიფიცირდება. ბიუჯეტის შევსება ხდება, რათა ხარჯვითი ნაწილი დააბალანსონ. ეს არ შეცვლის ძირეულად არაფერს, არსებობს ასეთი პრაქტიკაც, ამით შეივსება ხარჯვითი ნაწილი. მოგეხსენებათ, პირველ სამ კვარტალში შემოსავლები ნაკლებია და აქედან გამომდინარე სჭირდებათ. შესაბამისად, როგორც ვიცი, კიდევ არის დაგეგმილი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა.
გარე ვალი მართალია, უფრო დაბალ პროცენტშია, თუმცა უცხოურ ვალუტაშია და ამიტომ, ყოველთვის ჯობია ისევ შიდა ვალი აიღონ, “- განაცხადა შენგელიამ.
მისივე თქმით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, სხვა ფაქტორებთან ერთობლიობით დოლარზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს და თებერვლის დასაწყისიდან ლარის გაუფასურებაა მოსალოდნელი.
,,ვერ ვიტყოდი, რომ ლარი მყარდება, ამას უფრო მოძრავი კურსი ჰქვია. იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისიდან კი ჩვენ ველოდებით ლარის შესუსტებას. შარშანაც, როცა ფასიანი ქაღალდები გაყიდა სეხელმწიფომ, ნაწილი უცხოურმა რეზიდენტებმა იყიდეს და თვის ბოლოს მოხდა დოლარში კონვერტაცია. ეს და სხვა ფაქტორები მოთხოვნის ზრდას განაპირობებს და ლარის მცირედ გაუფასურებას ველი, დაახლოებით 3.15-3.20-ის ფარგლებში, მეტად არა, რადგან, საკმარისი რეზერვები აქვს სებ-ს, რომ კურსი ამ ნიშნულს არ გადასცდეს“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
BPN.GE