ესპანეთის მთავრობამ წამოიწყო საპილოტე სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო კომპანიებს, გამოსცადონ ხანმოკლე სამუშაო კვირის გავლენა შრომის პროდუქტიულობაზე ხელფასების შენარჩუნებით. ინფორმაციას The Local ავრცელებს.
შრომის სამინისტროს განცხადებით, სქემა ორი წლის განმავლობაში გამოიცდება, ხოლო საპილოტე პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული კომპანიები ვალდებული იქნებიან, კვირის განმავლობაში სამუშაო დღის საათები, მინიმუმ, 10%-ით შეამცირონ, რაც, სულ ცოტა, პერსონალის მეოთხედს უნდა შეეხოს. წარმოებაზე ახალი სქემის ზემოქმედების საკომპენსაციოდ, ასევე, დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, რომლებიც შესაძლოა, სქემის ამოქმედების დროს წარმოიშვას, კომპანიები სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ.
სამინისტროს ცნობით, შრომის პროდუქტიულობაზე გავლენის შეფასების შემდეგ მთავრობა განსაზღვრავს, „ღირს თუ არა ამ სქემის გავრცელება დანარჩენ ეკონომიკაზე.“
ბოლო წლებში რამდენიმე მსხვილმა ესპანურმა კომპანიამ, მათ შორის სატელეკომუნიკაციო გიგანტმა, Telefonica-მ, ასევე, ჯგუფმა, Desigual-მ ოთხდღიანი სამუშაო კვირა გამოსცადა, ხოლო ზოგი კომპანია ასეთ გრაფიკზე გადავიდა კიდეც. თუმცა ამ შემთხვევებიდან მხოლოდ რამდენიმე იყო დაკავშირებული მრეწველობასთან და ახალ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას, ძირითადად, ხელფასის შესაბამისი შემცირებაც თან ახლდა.