ესპანეთში, საფრანგეთის საზღვართან, მიტოვებული მატარებლის სადგური მდიდრულ სასტუმროდ გადაკეთდა. Canfranc სადგური დაიხურა ჯერ კიდევ 1970 წელს და არ ფუნქციონირებდა ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლა კი ვიზიტორებისთვის კვლავ საინტერესო მიმართულებაა.
სადგურის შენობა, რომელიც მალე 100 წლის გახდება, თანამედროვე სასტუმროს სტანდარტებით განახლდა. სასტუმრო 104 ნომერზეა გათვლილი, მათ შორის ოთხი ლუქსი. ის ასევე აერთიანებს გამაჯანსაღებელ ცენტრს, საცურაო აუზს და სამ რესტორანს.
არქიტექტორი თომას ო'ჰარა აქ გასული საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს ხელახლა შექმნას ცდილობდა. დეკორი აერთიანებს თანამედროვე და რეტრო ელემენტებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოთახებს, ბარსა და რესტორანს თანამედროვე იერსახე მიეცა, ინტერიერი სარკინიგზო მოგზაურობის ისტორიას მოგვაგონებს“, - თქვა ო'ჰარამ.
„ყურადღება მიექცა ყველა დეტალს. გვინდოდა შეგვენარჩუნებინა არა მხოლოდ ისტორიული ობიექტი, არამედ, ასე ვთქვათ, მისი დნმ“, - დასძინა Canfranc-ის სასტუმროს მენეჯერმა მარია ბელოსტამ.
სხვათა შორის, Canfranc Station-ის ისტორია ფილმის სცენარის ღირსია. სადგური პირველად 1928 წელს გაიხსნა, გახსნის საზეიმო ცერემონიას ესპანეთის მეფე და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაესწრნენ. თავისი მდებარეობიდან გამომდინარე - საბურღი დანადგარის გვერდით - სადგური ერთდროულად ამ ორ ქვეყანას ეკუთვნოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ებრაელი აქედან გაიქცა ლისაბონსა და შეერთებულ შტატებში.