ესტონეთის პრეზიდენტის ალარ კარისის განცხადებით, კრემლი კვლავ ცდილობს „რკინის ფარდის“ დაშვებას ევროპაში. ამის შესახებ მან Financial Times-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნა.
მისი თქმით, ზოგიერთმა სახელმწიფომ არ მიიღო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაფრთხილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით სერიოზულად, თუმცა ახლა დაინახეს, ვის მხარეს იყო სიმართლე.
„ესტონეთი ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელიც ალიანსს მიმდინარე საუკუნის მეოთხედის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე შეუერთდა. ყველა ჩვენგანმა ნატო-ში წევრობა დაინახა, როგორც საკუთარი თავის დაცვის საშუალება რუსეთის პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ.
ჩვენ მიგვიღეს ნატო-ში ალბანეთთან, ბულგარეთთან, ხორვატიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილო მაკედონიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და სლოვენიასთან ერთად. მაგრამ ზოგიერთმა სახელმწიფომ არ მიიღო ჩვენი გაფრთხილება რუსეთთან დაკავშირებით სერიოზულად, თუმცა ახლა ხედავენ, რომ მართლები ვიყავით. როდესაც აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ქვეყნები ნატო-ს თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, ბევრმა ეს იდეა უკუაგდო, როგორც მოსაწყენი წუწუნი, მაგრამ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ადამიანებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა, გარკვეული სიმართლე იდო პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გაფრთხილებაში.
ნატო უნდა მოემზადოს მომავალი საფრთხეებისთვის. მოდი ვაღიაროთ, რომ რუსეთის აგრესია ემუქრება მთელს დემოკრატიულ მსოფლიოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ახლოს მდებარეობენ. მოდი ვაღიაროთ, რომ პუტინი გვიქმნის სამხედრო საფრთხეს ყველა ჩვენგანს“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.